English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მანანა ხარხელი გიორგი მიქელაძე
დროის ეკონომიის ძირითადი წყაროები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია დროის ეკონომიის ძირითადი წყაროები, კერძოდ, შრომითი  პირობების სრულყოფის გზები, თათბირების ჩატარებისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, თვითმენეჯმენტის მნიშნველობა და სხვა არსებითი საკითხები, რომელიც, როგორც დაქვემდებარებულებს, ისე მენეჯერებს, მისცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად და პროდუქტიულად მართონ თავინთი დრო.

საკვანძო სიტყვები: სამუშაო ობიექტები; სამუშაო მოწყობილობები; შრომის ეფექტიანობა ; დროის რაციონალური გამოყენება; თვითმენეჯმენტი, ენდოგენური და ეგზოგენური ფუნქციები. 

შესავალი

დროის დინებას ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ზოგისთვის იგი სწრაფად გადის, ზოგისთვის პირიქით, ძალიან ნელა. თუმცა, სინამდვილეში, დრო ისე გადის, როგორც უნდა გადიოდეს. ერთადერთი რესურსი,  რომელსაც ადამიანები თანაბრად ფლობენ, ეს დროა. დროის წინაშე ყველა ერთნაირია, განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ ვინ როგორ გამოიყენებს მას. წარმატებულია  მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დროის ეფექტიანი გამოყენება.

მენეჯერი კომპანიის კოლექტივის წევრია. მას არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი კოლექტივის ხელმძღვანელობა ავალია. თუმცა, კოლექტივის თითოეულ წევრსა და მენეჯერს თანაბარი დროითი შესაძლებლობები გააჩნიათ,.განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კოლექტივის წევრი მხოლოდ საკუთარ დროს, ხოლო მენეჯერი როგორც პირადს, ასევე კოლექტივის წევრების დროსაც მართავს.

ორგანიზაციაში არსებული შრომითი პირობები, შრომის და დასვენების რაციონალური  განაწილება,  მნიშვნელოვან  ზეგავლენას  ახდენს დასაქმებულის მიერ სამუშაოს ჯეროვნად და დროულად შესრულებაზე. აუცილებელია სამუშაო ადგილზე შრომითი პირობების სრულყოფა, რისთვისაც საჭიროა მუშაობის პროცესში კომფორტის შექმნა, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანის შრომისუნარიანობაზე,  რაც ინდივიდუალური ხასიათისაა.

გარემო, სადაც ხელმძღვანელებს საშუალოება ეძლევათ ზეგავლენა მოახდინონ ადამიანებზე და აიმაღლონ იმიჯი,  არის გამოსვლები, შეხვედრები,  თათბირები.  შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა ხელმძღვანელისა, რომ დადებითი რეპუტაცია შეიქმნას თანამშრომლების თვალში, ჯეროვან მომზადებას საჭიროებს. ამიტომ დროის მენეჯმენტის სპეციალისტები ურჩევენ მათ თათბირის თუ ნებისმიერი შეხვედრის წარმართვისას იყვნენ პროფესიონალები და მაქსიმალურად ეცადონ, მათი გამოსვლები არ იყოს უინტერესო, დროში გაწელილი, დაზოგონ როგორც საკუთარი, ასევე აუდიტორიის დროითი რესურსი.

რადგან საკითხი დროის ეკონომიას ეხება, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს მენეჯერებისა და მთლიანად ორგანიზაციის მიერ დასაქმებულთათვის შრომის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ,  ამცირებს სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი დროის მოცულობას. შრომა კეთილმოწყობილ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს, რათა რომელიმე არახელსაყრელი გარემო ფაქტორი დამაბრკოლებლად არ წარმოგვიდგეს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დროის ეკონომიას მოგვცემს თათბირების ჩატარებისას გამოყენებული დროის კონტროლია. ამიტომ თათბირების მომზადებას ხელმძღვანელმა გაცილებით მეტი დრო უნდა დაუთმოს, ვიდრე მის ჩატარებას. გამოყენებული დროის შემცირება ასევე შესაძლებელია თვითმენეჯმენტით. როცა ადამიანი მაქსმიალურად მოახდენს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას, იმუშავებს ნაყოფიერად, გააზრებულად მართავს დროს, იგი დაძლევს არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადეობრივ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს.

შრომითი პირობების სრულყოფა

სამუშაო დროის რაციონალურ გამოყენებაზე არსებით გავლენას ახდენს ორგანიზაციაში არსებული შრომის ნორმალური პირობები, ასევე შრომისა და დასვენების რაციონალური განაწილება. შრომა ნორმალურ მარტივად ადაპტირებად გარემოში უნდა მიმდინარეობდეს და სამუშაო ადგილების ორგანიზება, დაგეგმვა, აღჭურვა უნდა ითვალისწინებდეს მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწვებს. შრომის ნორმალური პირობები და სამუშაო ადგილების სწორად ორგანიზება ხელს უწყობს, დაღლილობის შემცირებას და ზრდის შრომის მწარმოებლურობას. პერსონალის მართვის ცნობილმა ექსპერტმა ა. მაკენზმა 100 მენეჯერი გამოკითხა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „100 მენეჯერიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა საკმარისი დრო, 10-ს სჭირდებოდა 10 პროცენტით მეტი დრო, 40-ს 25 პროცენტით მეტი, ხოლო დანარჩენებს - 50 პროცენტი და მეტი“. ეს, რასაკვირველია , მათ უგეგმო, არაორგანიზებულ, უსისტემო მუშაობასა და თვითმენეჯმენტის დაბალ დონეზე მიუთითებს.

სამუშაო ადგილის ორგანიზებისა და შრომის პირობების სრულყოფის ძირითადი ამოცანაა მუშაობის პროცესში კომფორტის შექმნა, სამუშაო ადგილის რაციონალური გაბარიტების კონსტრუქციისა და ფორმის ყველა საჭირო საგნით უზრუნველყოფა, ოპტიმალური ზონის დაცვა. სამუშაო ადგილის დაგეგმარებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მომუშავეთა ანთროპომეტრული და ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები.

მნიშვნელოვანია მოვახდინოთ სამუშაო სისტემის ანალიზი, ამისათვის საჭიროა გამოყოთ სამუშაო გარემოს შემადგენელი ობიექტები.

1 სამუშაო ობიექტები:

  • სამუშაოს მატერიალური ობიექტები: გარემო პირობები, ობიექტის ფიზიკო-ქიმიური თვისებები, ფორმა, მასა, ზომა:
  • ენერგია;
  • ინფორმაცია;

2 სამუშაო მოწყობილობები

  • მოწყობილობები, ინსტრუმენტები, ობიექტის ფიზიკური თვისებების გაზომვის საშუალებები;
  • სატრანსპორტო საშუალებები;
  • სხვა მოწყობილობები;
  • გამოსახვის საშუალებები და საზომი ხელსაწყოები;
  • დამხმარე სენსორული ტექნიკის საშუალებები;
  • სამუშაო მაგიდა, სკამი, შენობა;
  • სამუშაო გარემო;
  • გარემოს ზემოქმედება, სამუშაოს საფრთხიანობა და პროფესიული დაავადებების რისკი;
  • ორგანიზაციული და სამუშაო გარემო;
  • სამუშაოს დროითი ორგანიზაცია;
  • სამუშაოს ადგილი წარმოების პროცესში;
  • სამუშაოს ადგილი ორგანიზაციის იერარქიაში;
  • სამუშაოს ადგილი კომუნიკაციის სისტემაში;
  • სამუშაოს ანაზღაურების პრინციპები და მეთოდები:
    • ანაზღაურების პრინციპები;
    • ანაზღაურების მეთოდები;

შრომის ეფექტიანობასა და დროის რაციონალურ გამოყენებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შრომის ოპტიმალური გარემოპირობები, სანიტარულ-ჰიგიენური და სოციალურ ფსიქოლოგიური ფაქტორები. ადამიანები უმეტესწილად ინფორმაციის 80-90 პროცენტს მხედველობის საშუალებით იღებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილი სათანადოდ იყოს განათებული. განათების დონე შესასრულებელი სამუშაოს ხასიათზეა დამოკიდებული და რაც უფრო ზუსტია სამუშაო, მით მაღალი განათებაა საჭირო. მომუშავეთა შრომისუნარიანობის მაღალი დონის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალურ ტემპერატურასა და ტენიანობას. გონებრივი შრომისას, როცა მნიშვნელოვან ფიზიკურ დაძაბულობას ადგილი არა აქვს, ნორმალურ ტემპერატურად ითვლება 18-20 გრადუსი, ხოლო ტენიანობად არაუმეტეს 60-80 პროცენტისა. მაღალი ტემპერატურის დროს მნიშვნელოვანია სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების დანადგარების გამოყენება. ხოლო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, იმისთვის რომ დასაქმებულმა დრო იმაზე ფიქრში არ გაატაროს, თუ როგორ გათბეს, საჭიროა შესაბამისი გათბობის სისტემით იქნეს უზრუნველყოფილი სამუშაო ოთახი.

თათბირების ჩატარების ხელოვნება

თანამედროვე ქართული ორგანიზაციების თანამშრომელთა უმრავლესობა დღემდე ჩივის იმაზე, რომ გაუთავებული თათიბირები ძირითად საქმეს აცდენთ, რაც შემდეგ სამუშაოსათვის დამატებითი დროის დათმობას აიძულებთ (ეს კი, თავის მხრივ, აუნაზღაურებელი რჩება). სპეცალისტებს მოაქვთ მონაცემები საქმიანი ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებში ( დირექტორი, მენეჯერი და სხვ.) დროის ხარჯვის ხასიათის შესახებ. ამ მონაცემთა შეფარდებით დროის ხარჯვა თათბირის ჩატარებაზე იჭერს მეორე და ხშირ შემთხვევაში მესამე ადგილს ( სხვადასხვა ურთიერთობებისა და დოკუმენტებზე მუშაობის შემდეგ) და ძირითადად მთელი სამუშაო დროის 10-15%-ს შეადგენს. სხვადასხვა ორგანიზაციებში გვხვდება მენეჯერთა განსაზღვრული ქვეჯგუფი (20-25% - მდე მთელი მმართველი შემადგენლობის, ხშირად ესენი არიან მენეჯერები მაღალი და საშუალო რგოლებიდან), რომელნიც უბრალოდ „მიჯაჭვულნი“ არიან თათბირებს და თავისი სამუშაო დროსი 50% მასზე ხარჯავენ.

როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ბევრი ამ მენეჯერთაგან „მიჯაჭვულია“ თათბირებს იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ კარგად ატარებენ მას, თუმცა   არ ყოფნით დრო სხვა ფუნქციების შესასრულებლად. ამასთანავე, თათბირის  ეფექტურობის გასაზრდელად საჭიროა გათვითცნობიერება თათბირის სამი შესაძლებელი ტიპის.

სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, შეიძლება გამოვყოთ სამი ტიპის თათბირი -„იდეალური“ და „სწორი“  არის ზუსტად ისეთი თათბირი, რომლის ფარგლებში ჯდება მხოლოდ ერთადერთი მიზანი. ნებისმიერი გაერთიანება ან მიზნების შერევა ერთი თათბირის ჩარჩოებში მნიშვნელოვნად გაართულებს მის ჩატარებას. პირველი ტიპის თათბირის მთავარი მიზანი არის კოლეგიალური გარჩევა და მმართველობის გადაწყვეტილების მიღება. როგორც წესი, საქმე ეხება არჩევას, ერთადერთი ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას ბევრი, თითქმის ერთნაირი ვარიანტების განხილვისას. თათბირი საჭიროა იმიტომ, რომ უკვე ნაცნობი ალტერნატივიდან აირჩეს საუკეთესო. თუ არჩევანი არ არსებობს, ე.ი. ერთი გადაწყვეტილება აშკარად „ჯობნის“ სხვა შესაძლებელ ვარიანტებს , მაშინ სიტუაცია უალტერნატივოა. ასეთ შემთხვევაში თათბირი უბრალოდ არ არის საჭირო, გადაწყვეტილება კი სავსებით შესაძლებელია ხელმძღვანელობამ მიიღოს დამოუკიდებლად.

გასაგებია, რომ ყველა მონაწილეს ექნება საკუთარი კრიტერიუმები „შესაფერის“ და „არაშესაფერის“ გადაწყვეტილებებზე, ამიტომ თათბირი წარიმართება დისკუსიით, კამათით. „უკეთესი“ გადაწყვეტილების ძიებისას დისკუსია რომ არ გადაიზარდოს კონფლიქტში, ასეთი თათბირის ჩატარების დროს მთავარია მკაცრი რეგლამენტი (საერთო დროის და ცალკული პროცედურების დროსაც) და ფორმალიზებული პროცედურის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება (მაგალითად, ფარული კენჭისყრა).

მეორე ტიპის თათბირის მიზანია ცუდად სტრუქტურირებული, ნაკლებ ნაცნობი პრობლემის გადაწყვეტა. ასეთი პრობლემის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია „ სამომავლო არჩევანის“ პროგნოზირებასთან. რამდენადაც „ მართებული“ გადაწყვეტილება ამგვარ სიტუაციაში წინასწარ უცნობია (ის უნდა „გამოიგონო“). ამგვარი თათბირის ჩატარების მთავარი პირობა ხდება შემდეგი პირობები: გულმოდგინედ შერჩეული წევრები და შემოქმედებითი, არაფორმალური ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს „სუპერ იდეების“ ადვილად განხილვას (აქ ჩვენ ატიურად გამოგვადგება შემოქმედებითი ტექნოლოგიების, გონებრივი შტურმი და სხვა).

მესამე ტიპის თათბირი დაკავშირებულია სხვადასხვა მმართველი და წარმოებითი ინფორმაციების გაცვლასთან. ეს შეიძლება იყოს ანგარიშები და მოხსენებები შესრულებულ სამუშაოზე, ცნობა რომელიმე პროექტის შედეგზე და ა.შ ამგვარი თათბირის წარმატებას განსაზღვრავს პირველ რიგში მოხსნების წინასწარი მომზადების ხარისხი, მისი პრეზენტაცია და აგრეთვე, თუ საჭიროა, არსებული ინფორმაციის ანალიზი და განვრცობა  (უშუალოდ თათბირზე).

უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი თათბირის ჩატარება საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ყოველთვის არის რისკი მაშინაც კი, როცა ყოველივე ზედმიწევნით კარგადაა მომზადებული, რომ რაღაც ისე არ იქნება, როგორც საჭიროა. კითხვის გარკვევაში- „საჭიროა კი საერთოდ თათბირი?“ დაგვეხმარება შემდეგი მოსაზრება: თუ თათბირის ჩატარების აუცილებლობის გადაწყვეტილება მაინც მიღებულია,  თათბირის  მიზანი ჩამოყალიბებულია, მაშინ აუცილებელია განვსაზღვროთ თათბირის მონაწილეთა შემადგენლობა. მთავარი პრინციპი აქ არის შემდეგი: „რაც ნაკლები ადამიანი მონაწილეობს, მით უკეთესია“, მაგრამ ვისაც უშუალოდ ეხება განსახილველი საკითხი,  თათბირს უნდა ესწრებოდეს. საერთოდ, თათბირი გახსნილი იქნება თუ დახურული, ყოველთვის უნდა გადაწყვიტონ თათბირის ორგანიზატორებმა წინასწარ, მაგრამ დაამრგვალონ „უმცირესობის სასარგებლოდ“.

           თათბირის მონაწილე შეიძლება იყოს:

  • ორგანიზატორი და წამყვანი. აუცილებელია განვასხვავოთ ერთმანეთისგან თათბირის ინიციატორები  და თათბირის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებლები. თათბირის ორგანიზება მდივნის ან ოფის-მეჯერის მოვალეობაში შედის (რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირით ხელმძღვანელობასთან). მაგრამ სასურველია წამყავნის როლში იყოს საკმაოდ მაღალი დონის მენეჯერი, რომელიც ფლობს მოდერაციის ტექნიკას. ორგანიზატორის და წამყვანის როლი არის უნივერსალური ნებისმიერი ტიპის თათბირითვის.
  • პასუხისმგებელი პირები მმართველობის გადაწყვეტილების მიღებისას. თუ თათბირზე მიღებულია გამგეობის გადაწყვეტილების მიღება (პირველი ტიპის თათბირი), მაშინ მასში მონაწილეობა შესაბამისი თანამდებობით აღჭურვილმა თანამშრომლებმა უნდა მიიღონ.
  • ექსპერტები (მათ შორის დამოუკიდებელი), სასარგებლო ინფრომაციის მატარებელნი. ექსპერტები (დამოუკიდებლად თავიანთი თანამდებობისა) შეიძლება იყვნენ როგორც მუდმივი წევრები თათბირის, ისე მოწვეულები მოკლე მოხსენებისათვის. ექსპერტები მეორე ტიპის თათბირის აუცილებელი წევრები არიან.
  • შესაძლო პირები, რომლებიც უნდა გაეცნონ გადაწყვეტილებასა და ინფორმაციას. ისინი შეიძლება იყვნენ მენეჯერები სხვადასხვა დონის თანამდებობიდან. ისინი  მომავალშიც შეასრულებენ/გააკონტროლებენ შესრულებას, ანდა ვალდებულნი არიან გაეცნონ მნიშვნელოვან მმართველ ინფორმაციას (მესამე ტიპის თათბირი).
  •  პრესის წარმომადგენლები და პიარ - მეჯერები. ეს მონაწილეები შეიძლება დაესწრონ ნებისმიერი ტიპის თათბირს (ან რომელიმე მის ნაწილს), თუ ის ეძღვნება  რომელიმე მნიშვნელოვან „პროგრამულ“ საკითხს. მაგალითად, ორგანიზაციის სტრატეგიის შეცვლა, ხანგრძლივი პერიოდის საქმიანობის შედეგების შეჯამება და ა.შ

თუ თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე ან თქვენი ორგანიზაციის ტრადიციის მიხედვით,  ხშირად ხართ თათბირის წამყვანების როლში, მაშინ შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ეფექტური თათბირის ჩატარების წესი.

1 არ შეიძლება თათბირის ჩატარება მომზადებისა და დღის წესრიგის გარეშე.

2 არ შეიძლება თათბირის  „სპონტანურად“ ჩატარება. მისი შედეგიანობა მეტი ალბათობით იქნება დაბალი დონის.

3 თათბირის ჩატარებისას საკვანძო მომენტებია: დღის წესრიგი(საკითხი),თათბირის მიზანი, დროის ლიმიტი, გამომსვლელთა რიგი და სხვა.  

4  მთავარი ამოცანა და თათბირის წამყვანის მოვალეობაა-თათბირის მსვლელობისას დადგენილი პროცედურა აკონტროლოს და დღის წესრიგი შეასრულოს, საკითხის გადახვევის დროს ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღოს. თათბირის დროს, წამყვანი უფლებამოსილია თათბირის ყველა წევრის  საქციელი მართოს, მათი სტატუსის მიუხედავად. 

5 ძირითადი მომხსენებლები აუცილებლად ემზადებიან თათბირებისთვის წინასწარ. თათბირის სწორი ორგანიზაცია გულისხმობს  მოხსენების თემებისა და შინაარსის  წინასწარ (რამდენიმე დღით, ან საათით ადრე მაინც) ცოდნას წამყვანის მიერ.

6  მთელი თათბირის დრო და ცალკეული ნაწილების დროც (გამოსვლები, განხილვები, გადაწყვეტილებების მიღება და ა. შ.) აუცილებლად იზღუდება დროით. როგორც კი თათბირის დროს გაჩნდება თუნდაც ერთი არარეგლამენტირებული ნაწილი თუ პროცედურა, ამ „დროის  ხვრელში“ აუცილებლად შეაღწევს „დროის ქურდი“, რაც  თათბირს ზედმეტად გაწელავს.                                                                                                                                                             

7 თათბირის წამყავნის მთავარი ამოცანაა- თათბირის „კონსტრუქციულ ტონს“ მიადევნოს თვალყური. მონაწილეებისგან არაკორექტული თავდასხმების მცდელობა, ბრალდება, შეურაცხყოფა და სხვა,  მკაცრად უნდა აიკრძალოს. ახალი ინფორმაციის და იდეების გადმოცემა უნდა მოხდეს კრიტიკის გარეშე. რაციონალური უნდა იყოს დისკუსია და კამათი არგუმენტირებული, მიმართული ოპტიმალური ძიებისაკენ.

8 წამყვანმა მომხსენებლებს უნდა მოთხოვოს განხილვისას გამოიყენონ ორგანიზაციაში არსებული ნებსიმიერი მათთვის მოსახერხებელი თვალსაჩინოება (დაფა, კომპიუტერული პრეზენტაცია და სხვ.).

9 ოქმის შედგენა: რა თქმა უნდა,  თათბირის წამყვანი არ წერს ოქმს, მაგრამ მან თვალყური უნდა ადევნოს მდივანს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითოს თათბირის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მომენტები ( ფაქტები, იდეები, აზრები და მისთ.).

10 რაც მოკლეა თათბირი, მით უკეთესი. მაგრამ თუ თათბირის ხანგრძლივობა აჭარბებს 90 წუთს, მაშინ აუცილებელია გაკეთდეს  5-15 წუთიანი შესვენებები ყოველ 40-45 წუთში, რაც წინასწარ უნდა დაიგეგმოს და წამყვანმა თვალ-ყური უნდა ადევნოს, რომ რეგლამენტირებული შესვენებების გარდა მონაწილეები სხვა საქმით არ დაკავდნენ.

თვითმენეჯმენტის როლი დროის ეკონომიაში

არსებობს განსხვავებული შეხედულებები თვითმენეჯმენტის არსთან  და საგანთან დაკავშირებით. ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად, თვითმენეჯმენტი არის სამუშაო დროის გამოყენების ინდივიდუალური ტექნოლოგია. გერმანელი მეცნიერის ლ. ზაივერტის განმარტებით, „თვითმენეჯმენტი არის ყოველდღიურ მმართველობით საქმიანობაში გამოყენებული აპრობირებული პრაქტიკული მეთოდებისა და ხერხების თანმიმდევრული და მიზანმიმართული გამოყენება, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილებების ფონზე შესაძლებელი გახდეს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება“.

ეფექტიანი თვითმენეჯმენტი ობიექტურად არის დაკავშირებული, როგორც ადამიანის ბუნებასთან, ისე გარემო ფაქტორების გავლენასთან. თვითმენეჯმენტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ინდივიდმა შეძლოს ისწავლოს საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად გამოყენება და დაბრკოლებების დაძლევა როგორც სამუშაო პირობებში, ისე პირად ცხოვრებაში.

მენჯმენტი, როგორც მმართველობითი საქმიანობა, პროცესული მიდგომის თვალსაზრით, ციკლური ხასიათისაა, სადაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან მისი კლასკური ფუნქციები: დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია და კონტროლი, ხოლო დამაკავშირებელი პროცესებს, კომუნიკაციას და გადაწყვეტილების მიღებას, ეს პროცესი მოქმდებაში მოჰყავს.

თვითმენეჯმენტის ციკლიც იგივე პრინციპზეა აგებული. სხვადასხვა ამოცანებსა და პრობლემებზე ყოველდღიური გადაწყვეტილებები დემონსტრირდება რიგი განხსვავებული ფუნქციების ფორმით, რომლებიც, როგორც წესი, გარკვეულ თანმიმდევრულ ურთიერთდამოკიდებულებაში არიან. ვითარდება თვითმენეჯმენტის ციკლური პროცესი, რომელშიც შეიძლება პირობითად დაიყოს შიდა და გარე, ანუ ენდოგენური და ეგზოგენური ფუნქციები.

ყოველ ადამიანს და განსაკუთრებით მას, ვინც მენეჯერის კარიერისთვის ემზადება ან უკვე მენეჯერიცაა, თავის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და კრიტიკული სიტუაციების დარეგულირების უნარი უნდა შესწვდეს. საკუთარი თავის მართვის , პირადი დროის ეფექტიანი დაგეგმვის, შრომის რაციონალური ორგანიზაციისა თუ სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, გამოსავლის პოვნა თვით ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც არის შესაძლებელი. მაშინაც კი, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ რეალური ვითარების შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება, არსებობს გამოსავალი-შევცვალოთ მიდგომა. საქმიანობის, პირადი დროის და საერთოდ, ცხოვრების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, პიროვნების განვითარება და სრულყოფა თვითმენეჯმენტის ამოცანათა არასრული ჩამონათვალია.

 კარგი მენეჯერის მიზანია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, მინიმალური დროის დანახარჯით მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს დასახული ამოცანები, თავიდან აიცილოს და სხვასაც ააცილოს სტრესები, აიმაღალოს კვალიფიკაცია, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და ა.შ. ამისთვის, ერთი მხრივ, აუცილებელია ცხოვრების ჩვეულებრივ, ყოველდღიურ წესად გაიხადოს მუშაობის რაც შეიძლება რაციონალური სტილი. აკონტროლოს ყველაზე დეფიციტური რესურსი დრო და, რაც მთავარია, ეფექტიანად მართოს საკუთარი თავი და აკონტროლოს დასახული ამოცანების შესრულება.

ყოველდღიური ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრის პროცესი, კონკრეტული ფუნქციების თანმიმდევრული შეფასების თვალსაზრისით, ექვს ფაზას მოიცავს. ესენია:

  • მიზნის დასახვა- პირადი მიზნების ანალიზი და ფორმულირება;
  • დაგეგმვა- კონკრეტული გეგმებისა და საკუთარი საქმიანობის ალტერნატიული ვარიანტების შემუშავება;
  • კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • ორგანიზება და რეალიზება- დღის განრიგის შედგენა და პირადი სამუშაო პროცესის ორგანიზება დასახული ამოცანების რეალიზების მიზნით;
  • კონტროლი- თვითკონტროლი და შედეგების კონტროლი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - ფაზა, რომელიც გარკვეულწილად ყველა ფუნქციისთვისაა დამახასიათებელი, როგორც კომუნიკაცია, ისე ინფორმაციის გაცვლა, აუცილებელია თვითმენეჯმენტის ყველა ეტაპზე.

თვითმენეჯმენტის მეთოდების ფლობა გულისხმობს: შრომის საუკეთესოდ ორგანიზებასა და შედეგებს. სამუშაოსაგან მიღებულ კმაყოფილებას, სათანადო მოტივირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც შეიძლება ნაკლებ დატვირთვას, საკუთარი ფუნქციების შესრულების პროცესში დაშვებული შეცდომების შეცირებას, პროფესიული და ცხოვრებისეული მიზნების უმოკლესი გზით მიღწევას და ა.შ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. დავით არაბიძე, სტატია: „უსაფრთხო შრომა ადამიანის უფლებაა“, 2017 წელი, htt://gtuc.ge/
  2. არჩილ გამზარდია, სტატია: „როგორ ჩავატაროთ თათბირები - დროის მენეჯმენტი (მითითებები მენეჯერთათვის“, 2018 წელი, https://archilgamzardia.wordpress.com/
  3. რ.ბერიძე, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, თბილისი 2011
  4. ვაჟა გურაბანიძე, სტატია „თვითმენეჯმენტი და მისი მნიშვნელობა პერსონალთან მუშაობის პროცესში“, ჟურნალი: ეკონომიკური პროფილი N8, 2010 წელი, გვ. 54-58
  5. მ.ხარხელი, დროის მენეჯმენტი, თბილისი 2015
  6. Raymond Le Blanc, Time Management Tips, Tools & Techniques: Learn the most important time management skills for personal life and career success, 2017